
საქართველოს რომელი კუთხე როგორ ხვდებოდა შობა-ახალ წელს
31/12/2024 08:46:03 საზოგადოება
ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან – მარტიდან იწყება. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაწესდა ძალიან ბევრი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებოდნენ და ხვდებიან ახალ წელიწადს. საახალწლო ტრადიციები და რიტუალები თითოეულ კუთხეს თავისი აქვს.
გურია-სამეგრელო
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებოდნენ. კლავდნენ ღორს და ჩიჩილაკს რთავდნენ. მეკვლეს პატიჟებდნენ და მას განსაკუთრებულად ხვდებოდნენ. სამეგრელოში ოჯახის უხუცესი მამაკაცი ჩიჩილაკითა და სიმინდის მარცვლებით მიადგებოდა სახლს, მარცვლებს მოაყრიდა ეზოში, სახლში, საქათმეში. გობზე, მათ შორის სუროს ტოტებსა და თხილის "ხვიხვილის" თაიგულს ალაგებდნენ. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. გურიაში ამ დღეს ცხვებოდა "საკვაკავი" – საწესო პური გოჭის ფეხით.
იმერეთი
იმერეთში მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლიდა სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვდა. ახალი წლის ღამეს იმერეთში თავქვეშ ამოიდებდნენ შაქრის ნატეხს. ხონჩაზე მოხარშულ დედალს, ინდაურსა და ღორის თავს, ასევე ხაჭაპურს, ლობიანს, პურსა და ტკბილეულს ალაგებდნენ. სუფრაზე დადგამდნენ წყლით და ღვინით სავსე ჯამს და შიგ პურის ნატეხებს ჩაყრიდნენ.
რაჭა – ლეჩხუმი
ცხვებოდა ტაბლა (საწესო პური). იგი თავსდებოდა ხის ან წნელის რგოლზე. ტაბლაზე იდებოდა ფული და ტკბილეული.
სვანეთი
ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის კარებზე ჩამოკიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა. სრულდებოდა საიდუმლო ლოცვა. ცხვებოდა საახალწლო პური, იკვლებოდა ღორი.
ქართლ –კახეთი
აცხობდნენ პურებს ღორის ქონით და ოჯახის წევრებს უნაწილებდნენ. ვენახში მიჰქონდათ ღვინო და ქათამს კლავდნენ.
აფხაზეთი
ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ სამჭედლოში ჩამარხულ ქვევრთან, რომელსაც ლოცვის დროს თავს ხდიდნენ. მსხვერპლად სწირავდნენ 3 წლის ვაცს და იმდენ მამალს, რამდენი კაციც იყო ოჯახში.
ცხინვალი
სუფრაზე ხილს, შემწვარ ხორცს ღვინოსა და ლუდს . აცხობდნენ სარიტუალო ღვეზელს და ეზოში ანთებდნენ კოცონს.
აჭარა
აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი ბაქლავა იყო. ხორბალი მთელ საქართველოში ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ, აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიდნენ და თან ილოცებოდნენ. ამზადებდნენ სირსვალს (ნივრით და ნიგვზით შეკმაზულ კერძს" და მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, რათა "ოჯახიდან ბარაქა არ წასულიყო".
თუშეთი
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. აცხობდნენ კვერებს, მათ ხონჩაზე დაალაგებენ და ზედვე დებდნენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებდა. ერთი გვარი ერთად იკრიბებოდა, თან მიჰქონდათ პური, ლუდი, არაყი და მართავდნენ ლხინს.
ფშავი
ახალ წელიწადს ახალი ტანისამოსით ეგებებოდნენ. აქაც აცხობდნენ ბედის კვერებს. ოჯახის უფროსს სახლში ძაღლი შეჰყავდა და ამბობდა: „ფეხი შენი, კვალი ანგელოზისაო“.
ხევსურეთი
აცხობდნენ იმდენ პურის კვერს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. გამოცხობისას, ვისი კვერიც ამოიწევდა, ასე სწამდათ - ბედნიერი იქნებაო.
სამცხე-ჯავახეთი
ახალ წელს ოჯახიდან განათხოვრებულ ნივთებს იბრუნებდნენ, რათა ბარაქა მეზობლის ოჯახში არ დარჩენილიყო. ოჯახის უფროსი ღმერთს შესთხოვდა საქონლის გამრავლებას.