
განახლებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს
31/12/2024 10:26:44 საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მანამდე, სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი და მეტრო 00:00 საათზე დაასრულებდა მუშაობას. არ შეიცვლებოდა ავტობუსების სამუშაო განრიგიც, რადგან თბილისში გალაკონცერტი არ იყო დაგეგმილი.
"როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება," - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიისვე ინფორმაციით შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.