
ბრაჭველი: ამ წელმა დაგვანახა, რომ ერთმანეთის მოფრთხილება, გატანა და გამხნევება შეგვიძლია
31/12/2024 12:23:42 საზოგადოება
ძალიან მძიმე წელი იყო,- ამბობს იურისტი საბა ბრაჭველი და იხსენებს უსწრაფესი ტემპით განხორციელებულ ცვლილებებს.
"ახალ წელს ვხვდებით დრაკონული (კანონსაც ვერ ვუწოდებ) დეკრეტებით, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისივე ხალხისთვის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის პირობებში; შეზღუდულია ყველანაიროი თავისუფლება - თავისუფლად გადაადგილების, მიმოსვლის, შრომის და ა.შ. ქვეყანა ევროპული გზიდან მიტრიალდა არასწორი გზისკენ; სამართალის რა გითხრათ - ვხედავთ, რომ სასამართლო ნაცემ ადამიანებს იქეთ აჯარიმებს, უშვებს ციხეში; ახლა უკვე პოლიციას შეეძლება, წინასწარ დააკავოს ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია",- ამბობს ბრაჭველი და აქვე მტკიცე სამოქალაქო სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"ამ წელმა გამოაჩინა, რომ ხალხს მხოლოდ ერთმანეთი გვყავს - ჩვენ ვერ ვიქნებით ხელისუფლების იმედზე, რომ რაღაცეები გაგვიკეთოს. მეორეს მხრივ, ამ წელმა დაგვანახა, რომ ერთმანეთს რომ ვეყუდებით და ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის, შეგვიძლია ერთმანეთის მოფრთხილება, ერთმანეთის გატანა და გამხნევება - ვპატრონობთ მათ, ვინც დააკავეს, დააჯარიმეს - ვეხმარებით ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება იქნება თუ პირადი თავისუფლება, უზენაესი ღირებულებაა.
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენთვის თავისუფლება იქნება უზენაესი ცნება, ერთმანეთს გავიტანთ და თუ ჩვენს წინაპრები არ უშინდებოდნენ ტყვიებს თუ რუს მეფის ნაცვლებს, მათ სუსტ ვერსიებსაც აუცილებლად მოვერევით ერთად.
უფრო რთული დღეები გვექნება წინ, შესაძლოა, თვეებიც და პირველ რიგში, ვნახავთ იმას, რამდენი შეგვიძლია. მე კი მგონია, რომ ძალიან, ძალიან ბევრი შეგვიძლია“,- ამბობს ბრაჭველი.
ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას.
"ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
რუსთაველზე არ იქნება სცენა, თუმცა მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ ღონისძიებებს, მათ შორის, მუსიკალურს, საქველმოქმედოს.