
ანდრო ჭიჭინაძის დედა: უნდა გავუძლოთ, სხვაგვარად არ გამოვა - გაჩერება გამორიცხულია!
31/12/2024 12:55:52 საზოგადოება
გარდა რუსთაველის გამზირისა, მოქალაქეები 31 დეკემბრის ღამეს გლდანის საპატიმროსთან გამართავენ სოლიდარობის აქციას. სწორედ ამ საპატიმროში იმყოფება პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული მოქალაქეების ნაწილი. ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება 51 დემონსტრანტი.
სოლიდარობის აქციას შეუერთდებიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მშობლებიც.
"ანდროსთან ტელეფონით მაქვს კომუნიკაცია, ისიც, რამდენიმე წამით...ვუსმენ როგორი ხმა აქვს და ამის მიხედვით ან ვმშვიდდები ან არ ვიცი...როგორც ადვოკატი ამბობს, მხნედ არის, ყველას მადლობას უთვლის, „დედა, არ ინერვიულო არაფერზეო“...
წარმოუდგენელი თანადგომა გვაქვს. არ მეგონა ამდენი კეთილი ადამიანი თუ არსებობდა საქართველოში. ასეთი სოლიდარობა, ასეთი თანადგომა, ასეთი სიკეთე პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში",- ამბობს ლიკა გუნცაძე.
ის მხნეობას უსურვებს მშობლებს, რომელთა შვილებიც ამჟამად პატიმრობაში რჩებიან პროტესტის გამო: "მხნეობას ვუსურვებ, ძალიან მალე გვენახოს ჩვენი შვილები, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან დაპატიმრებული. აუცილებლად უნდა გავუძლოთ, ვიყოთ ჩვენი შვილების თანამოაზრეები, სხვაგვარად არ გამოვა!..
გაჩერება გამორიცხულია - ეს პროცესი მშობიარობას ჰგავს და აუცილებლად დაიბადება ახალი საქართველო, ეს უკვე ყველაფერში ჩანს - ეს არის უშიშარი, მამაცი ხალხი - თურმე ასეთები ვყოფილვართ".