
უილსონი ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, სანქციები ივანიშვილის ოჯახზეც გაავრცელოს
01/01/2025 09:11:15 პოლიტიკა
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნობის ებობაზე კანდიდატ მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ უოლშს მოუწოდებს, „პრიორიტეტი მიენიჭოს აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენებას ქართული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემების გამოსავლენად და ჩასაშლელად, თაღლითური ქოლ-ცენტრებისა და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საწარმოების“ წინააღმდეგ.
წერილში, რომელიც მოიპოვა Fox News-მა, აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მომავალმა ადმინისტრაციამ ეს შემზღუდავი ზომები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ოჯახის წევრებსა და უახლოეს გარემოცვაზეც უნდა გაავრცელოს.
„ეს არის საკვანძო შესაძლებლობა ჩვენი საერთო მიზნების წინსვლისათვის, მსოფლიოს მასშტაბით დავიცვათ დემოკრატია და წინააღმდეგობა გავუწიოთ მავნე გავლენებს. თუ საქართველო ქართველი ხალხის მმართველობას დაუბრუნდება, აგრესორების იარაღი მნიშვნელოვნად დაბლაგვდება“, – ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის: შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ოლოიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა.