დღეიდან „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეაჩერა

01-01-2025 22:01:27 მსოფლიო

რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა. მიზეზად უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დასახელდა.

კიევმა დაადასტურა რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება.

„ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ.

კიევმა მანამდე უარი თქვა სატრანზიტო ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წლის დაწყებამდე ახალი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

გაზსადენი რუსეთიდან უკრაინის გავლით შედის სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული გაზის მიღება სურდა და უკრაინისგან ითხოვდა ხელშეკრულებების გაგრძელებას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეფასებით, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. ფიცომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა ღია წერილით, რომელშიც უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა გაზის ტრანზიტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამო.

რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან სლოვაკეთი და ავსტრია. ექსპერტების აზრით, მიწისქვეშა საცავებში გაზის დიდი მარაგის გამო ბრატისლავა ორი-სამი თვის განმავლობაში გაძლებს რუსული მარაგების გარეშე. ანალოგიური სიტუაციაა ავსტრიაშიც.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება ყველაზე დიდ დარტყმას მიაყენებს მოლდოვას.

"ამასთან, მიწოდების შეწყვეტას სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს",– იუწყება Reuters. 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ამცირებენ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, გადადიან მიწოდებაზე აშშ-იდან, ნორვეგიიდან და კატარიდან. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა დაკარგა დომინანტური პოზიცია ევროპის გაზის ბაზარზე.

"2024 წელს რუსეთმა ევროპას დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა (ექსპორტის მოცულობის ნახევარი), რამაც მას დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა. ამ მოცულობის სწრაფად კომპენსირება შეუძლებელი იქნება ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე ჩინეთისკენ გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების გარეშე", – წერს „რბკ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები