02-01-2025 12:05:08 ევროპა ,მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.
„როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რამაც რუსეთს ჩამოართვა მისთვის ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი:
„გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
1 იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.