"ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება!" - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე იტყობინება

02-01-2025 14:30:51 საზოგადოება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე - ნინო გიორგაძე იტყობინება.

ის სამსახურიდან გათავისუფლებას რეესტრის თანამშრომლების პეტიციაზე ხელმოწერას და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

"2025 წლიდან აღარ ვიქნები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი (საჯარო რეესტრმა არ გამიგრძელა ხელშეკრულება), რასაც ცალსახად ვუკავშირებ ფაქტს, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი ვარ საჯარო რეესტრის თანამშრომლების პეტიციისა, რომლითაც გავემიჯნეთ მთავრობის განცხადებას 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულს სხვა შეფასებას ვერ მივცემ, გარდა პოლიტიკური რეპრესიისა, რომელიც ხალხში შიშის დანერგვას და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება.

საქართველოს მომავალი ევროპაშია! ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება!" - წერს ნინო გიორგაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები