02-01-2025 15:24:04 ევროპა ,პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს და ქართველი ხალხისადმი უწყვეტ მხარდაჭერას ელის.
"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან როლში. საქართველოდან მოუთმენლად ველოდებით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა. წევრი სახელმწიფოები როტაციით ითავსებენ ამ ფუნქციას 6 თვის განმავლობაში. თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ასევე ევროპარლამენტთან შუამავლობა კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებების მისაღწევად.
დეკემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ეცდება, გააძლიეროს ევროკავშირის მისია უკრაინის მხარდასაჭერად როგორც სამხედრო (EUMAM Ukraine), ისე სამოქალაქო (EUAM Ukraine) კომპონენტში და ამავდროულად რუსეთზე და მის მხარდამჭერებზე ზეწოლა უკრაინის მიმართ მისი აგრესიის რაც შეიძლება, მალე დასასრულებლად, მათ შორის - რუსეთსა და ბელორუსზე სანქციების გაძლიერებისა და მათთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით.
ამ კონტექსტში სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წლის 25 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სასანქციო პოლიტიკის გამოწვევებს მიეძღვნება.