
აშშ–მა შესაძლოა, ჩინეთსა და რუსეთში დამზადებული დრონები აკრძალოს
03/01/2025 14:49:09 მსოფლიო
აშშ–მა შესაძლოა, ჩინეთსა და რუსეთში დამზადებული დრონები აკრძალოს, – იუწყება The New York Times.
გამოცემის ცნობით, მიზეზად ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები სახელდება.
"აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ამერიკული კომპანიებისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ იმ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რომელთა დიზაინი და წარმოება შეერთებული შტატების უცხოელ მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან იყო დაკავშირებული, არის გაუმართლებელი ან მიუღებელი რისკი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის", – იტყობინება The New York Times.
"ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, კიბერჯაშუშობის გზით დააზიანონ აშშ-ის ინფრასტრუქტურა და ქვეყნის უსაფრთხოება. მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი კანონები იმისთვის, რომ კერძო კომპანიები თავიანთ ეროვნულ ინტერესებს დაუქვემდებარონ", - ნათქვამია, გამოცემის ცნობით, დოკუმენტში.
როგორც The New York Times იუწყება, ოფიციალური მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე ჩინური დრონების წილი 75%–ია.
"მათი გამოყენების სპექტრი ფართოა: სოფლის მეურნეობაში ისინი გამოიყენება მინდვრების მოსარწყავად; მათი დახმარებით მოწმდება მილსადენები, ხიდები, სამშენებლო ობიექტები; მათ ფართოდ იყენებენ სახანძრო და სხვა სასწრაფო დახმარების სამსახურები. ცნობილია, რომ წარსულში ჩინელმა თვითმფრინავების მწარმოებლებმა დისტანციურად დააპროგრამეს თავიანთი პროდუქცია, შეზღუდეს მათი დიაპაზონი კონფლიქტის ზონებში.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ჩინური დრონების გამოყენების აკრძალვა თავიდან იქნას აცილებული, თუ საჭირო ცვლილებები შევა მათ დიზაინსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში", – წერს გამოცემა.
საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებს.