
ჩინეთის საგარეო უწყება: სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა
03/01/2025 15:23:18 პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 3 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
სამინისტროს ცნობითვე, წერილში „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს“.
წერილის თანახმად, საქართველო და ჩინეთი „აგრძელებენ პოლიტიკური ურთიერთნდობის კონსოლიდაციას, აღწევენ ნაყოფიერ შედეგებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით და აქვთ ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობა“.
„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ვიმუშავო პრეზიდენტთან, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმავო ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რათა ორი ქვეყნის ხახლმა მეტი სარგებელი ნახოს“, - საგარეო უწყების თანახმად, მისწერა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს.
ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით ხუთი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
აზერბაიჯანი;
სომხეთი;
ბელარუსი;
სერბეთი;
თურქეთი.