ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის მილოცვის ვიდეო მონტაჟს წარმოადგენდა

04-01-2025 01:35:01 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქ ილია მეორეს 2025 წლის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო და აცხადებს, რომ ამასთან არც პირადად მას, არც მის სამსახურს არაფერი აკავშირებთ.

"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის: ილია მეორეს 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook-გვერდზე "საქართველოს საპატრიარქო" ❲ოფიციალური გვერდი❳ გამოქვეყნდა. სოციალურ ქსელში ბევრმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ვიდეო პატრიარქის 2023 და 2024 წლების საახალწლო მილოცვების სინთეზს წარმოადგენდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ხსენებული ვიდეო უკვე წაშალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები