3 ოპოზიციური კოალიცია ეუთოს PA-ს პრეზიდენტს ვიზიტის გადადების მოთხოვნით მიმართავს

05-01-2025 15:32:55 ევროპა ,პოლიტიკა

სამი ოპოზიციური კოალიცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას წერილით მიმართავს და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის უარყოფითი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

წერილში აღნიშნულია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა "კონსტიტუციური ნორმებისა და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით", ხოლო მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები, საქართველოში ვიზიტის გადადება "საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მანამ, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები".

"ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას.

შედეგად, დღეს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებით დაკომპლექტებული "პარლამენტი" და მისი მიერ არჩეული "პრეზიდენტი" ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები.

დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას. თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ". - ნათქვამია ერთობლივ წერილში.

ცნობისთვის: პია კაუმასა და თანმხლები დელეგაციის ვიზიტი 8-10 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები