Accentnews.ge
მამა შალვა ჟურნალისტის შესახებ სიცრუის ქადაგების გამო ბოდიშს იხდის

მამა შალვა ჟურნალისტის შესახებ სიცრუის ქადაგების გამო ბოდიშს იხდის

05/01/2025 12:27:09 პოლიტიკა

დეკანოზი შალვა (კეკელია) ორიოდ დღის წინ მის ირგვლივ აგორებულ მორიგ სკანდალს ტვ "პირველის" ეთერში გამოეხმაურა და ქადაგებისას ჟურნალისტ ანა მამულაშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ სიცრუის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

საუბარია მამა შალვას მიერ ქადაგებისას 2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის ხსენებაზე: დეკანოზმა მრევლს განუცხადა, თითქოს ქალს სიმსივნე 2007 წელს "იმედის" ტელევიზიის დარბევის დროს თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო განუვითარდა, რეალურად კი, გარდაცვალების მიზეზს მელანომა წარმოადგენდა.

მამა შალვა სიცრუეში მამულაშვილის ქალიშვილმა ამხილა. სოცქსელში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში იგი, კერძოდ, წერდა:

"სიტყვები აღარ მყოფნის, როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს. დედაჩემი, ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით (კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს. ამბობს, რომ თურმე, ტელეკომპანია იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს, "თურმე” თავში სიმსივნე განუვითარდა. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრა**ბი დაიცვას.არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით თავის მრევლს აბრმავებს. ეს ,,მამაო” არის "მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება უბრალოდ არ შემიძლია). როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ - კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბოლოდროინდელი მისი ბევრი ამბავი მახსოვს, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი. ჩემ გარდა, სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა, მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ".

"თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი, სამწუხაროდ, თუ ასე არაა, პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე" - განაცხადა საპასუხოდ დეკანოზმა შალვა კეკელიამ, რომელმაც ზემოთხსენებულ ქადაგებაში ყალბი ინფორმაცია "ოცნების" ძალოვანების მიერ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობის, უკანონო დაკავებებისა და რეპრესიების ფონზე გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ეს მამა შალვას მიერ მანამდე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფის პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თავადვე უარყო საკუთარი განცხადებები საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდების ვითომდა ტაძარში შევარდნის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S