
დივერსია, სანქციების გვერდის ავლასა და ნატო-ს წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში მოსკოვის დახმარება: რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდის ქართველი კაპიტანი და ეკიპაჟი საერთაშორისო სკანდალში გაეხვნენ
05/01/2025 19:38:48 პოლიტიკა, სამართალი
რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლური სანქციების გვერდის ავლით შექმნილი ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი ხომალდი, რომლის კაპიტანი და ეკიპაჟის ნაწილი ქართველები აღმოჩნდნენ, საერთაშორისო სკანდალში გაეხვა: ფინეთი იძიებს ხომალდის კავშირს წყალქვეშა კაბელის სავარაუდოდ, განგებ დაზიანებასა და სანქციებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებასთან.
კერძოდ, ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელ EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხომალდმა ფსკერზე ჩაუშვა ღუზა და განზრახ მიათრევდა მას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა ხსენებული კაბელები. შედეგად დაზიანებულია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი, ასევე ოთხი საკომუნიკაციო კაბელი: სამი - ესტონეთსა და ფინეთს, ერთი - ფინეთსა და გერმანიას შორის.
Eagle S დაცურავს კუკის კუნძულების დროშით, მისი ოპერატორი არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანია Caravella LLC-FZ-ია, ტანკერის ეკიპაჟი კი საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული. კერძოდ, გემის კაპიტანია დავით ვადაჭკორია, რომელიც, ფინური მედიის ინფორმაციით, კითხვებზე პასუხს თავს არიდებს და ამბობს მხოლოდ, რომ ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.
როგორც ფინეთის ხელისუფლება იტყობინება, ხომალდი დაკავებულია, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში. გემზე ტარდება საგამოძიებო სამუშაოები და ეკიპაჟის დაკითხვა. როგორც ვარაუდობენ, გამოძიება ერთ თვემდე გასტანს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Eagle S რუსეთის ე. წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გამოიყენება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ამავე დროს იტყობინებიან, რომ ტანკერს რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობისთვის იყენებდა. ამის ერთ-ერთ დასტურად ასახელებენ გემზე აღმოჩენილ ძვირადღირებულ სადაზვერვო აღჭურვილობას და ეკიპაჟში შემავალ სულ მცირე, ერთ პირს, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია.