Accentnews.ge
ფრიდი: "ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე"

ფრიდი: "ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე"

06/01/2025 07:08:31 პოლიტიკა

ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა რუსეთის აგენტად მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია მისი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაზე".

"მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს. ასე რომ, მიუხედავად ამ ლიცენზიების გაცემისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის სავიზო შეზღუდვა, გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯია.

მას ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, ამას [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი. ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მაგრამ ახლა ცხადია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ავტოკრატიული მიმართულების მხარდამჭერი წამყვანი ძალის წინააღმდეგ.

მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის რემლისთვის მოქმედების შესახებ.

სანქციები არ დაწესებულა მთლიანად საქართველოს მთავრობის, ან პარტიის წინააღმდეგ, ის კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ფაქტი კი ისაა, რომ სწორედ ისაა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი.

თუ ვინმეს აინტერესებს, ვურჩევდი, რომ ნახონ აღმასრულებელი ბრძანება 14024, რომელიც კონკრეტულად აღწერს რა კრიტერიუმებით დააწესა ამერიკის მთავრობამ ეს სანქციები. ასევე შეხედეთ სიტყვებს, რომელიც გამოყენებულია სანქციის ტექსტში. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღევის გამო, "მაგნიტსკის გლობალური აქტით" დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულადაა განწყობილი, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ. [...] ამერიკას და საქართველოს სხვა მეგობრებს დახმარება შეუძლიათ, ამის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე არა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან მოსკოვში, როგორც ეს რუსეთს ჰგონია, არამედ თბილისში, ქართველები მიიღებენ. [...] შეუძლებელი არაფერია, მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ის გამოჩნდება, როგორც სუსტი და დამორჩილებული, როგორც კრემლის ნების შემსრულებელი. ეს ძალიან ცუდი პოზიცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ვფიქრობ, ტრამპის გუნდს, განსაკურებით ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, ეს არ ენდომებათ.

ტრამპის ადმინისტრაციაში არ ვიქნები, ამიტომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ "ქართული ოცნების" მხრიდან შეცდომა იქნება იმაზე გათვლა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს გააუქმებს", – განაცხადა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S