
იან კელი – პია კაუმაზე: "არავითარი შეხვედრები ერთპარტიულ რეჟიმთან, სანამ არ დათანხმდებიან ხელახალ არჩევნებს"
06/01/2025 09:01:50 პოლიტიკა
"არავითარი შეხვედრები თბილისში ერთპარტიულ რეჟიმთან, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, ხელახალ არჩევნებს", – ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას დელეგაციის თბილისში დაგეგმილ ვიზიტს.
ცნობისთვის: საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.
პია კაუმას გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა რიჰარდს კოლსმა და რასა იუკნევიჩიენემ და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმაც. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ასეთ არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!".
პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.