ალიევი კრემლისგან "ადამიანურად ქცევასა" და ავიაკატასტროფაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს

06-01-2025 16:18:14 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აქტაუს ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას “რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს" აკისრებს, კრემლისგან "ადამიანურად მოქცევასა" და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ მან ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრების ოჯახებსა და ახლობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა განმარტა, მას უკვე ხელთ აქვს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების პირველადი შედეგები, ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა "უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ავიაკატასტროფაზე, რომელშიც, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსეთის წარმომადგენლებს ეკისრებათ".

"რუსეთის რიგი სამთავრობო უწყებების მცდელობები, მიჩქმალონ, მიაჩუმათონ მომხდარი, ასევე მათი აბსურდული ვერსიები სამართლიან აღშფოთებას იწვევს. მოვითხოვთ სამართლიანობას, სრულ გამჭვირვალობასა და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯას! მოვითხოვთ ადამიანურ ქცევას,” – განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: 25 დეკემბერს აქტაუს მიდამოებში ჩამოვარდა აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. მის ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან დაიღუპა 38, მათ შორის - ეკიპაჟის 5 წევრი. წინასწარი მონაცემებით, ლაინერს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები მოხვდა და ავიაკატასტროფაც ამან გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები