
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ფინეთში დაკავებული ტანკერის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება
06/01/2025 12:50:39 საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის "Eagle S" ბორტზე ამ ეტაპზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება და ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
- “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი – სავახტო მექანიკოსი ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან. შემთხვევას იძიებს ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს გამოძიების დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე", - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
როგორც გამოცემა წერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაციას “გემის რეგისტრაციის (კუკის კუნძულები) და ფინეთის შესაბამის პარტნიორ უწყებებთან” კომუნიკაციის შედეგად ფლობენ.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ბორტის დატოვება გამოძიების დასრულებამდე ეკრძალებათ.
“საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ფინეთის სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე ეკიპაჟის წევრებთან აქვთ ყოველდღიური კონტაქტი. საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და ეკიპაჟის წევრებს, გამოძიების დასრულებამდე აკრძალული აქვთ გემის დატოვება”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში, სადაც ასევე განმარტავენ, რომ "კომუნიკაცია საკონსულოს ხაზით დაიწყო და საგამოძიებო პროცესში არ არიან ჩართული, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის".
ცნობისთვის: კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი "Eagle S" ფინეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. ტანკეტს ბრალად ედება ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის "EstLink 2"-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება, ბალტიის ზღვის ფსკერზე. ოთხი საკომუნიკაციო კაბელიდან სამი ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებდა, ხოლო კიდევ ერთი - ფინეთსა და გერმანიას. ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიურო ვარაუდობს, რომ ხომალდი ფსკერზე განზრახ მიათრევდა ღუზას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა განზრახ დაეზიანებინა კაბელები.
ფინური მედიის ცნობით, დაკავებული ტანკერის კაპიტანია დავით ვადაჭკორია, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის, ქართველებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეები არიან. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გამოძიება შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ "Eagle S" რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ზომები, მათ შორის დამატებით სანქციები განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერი "Eagle S", რომლის ოპერატორადაც ოფიციალურად არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია "Caravella LLC-FZ" სახელდება, გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
ფინური მედიის ინფორმაციით, 3 იანვარს უშედეგოდ დასრულდა სასამართლო პროცესი ჰელსინკის რეგიონულ სასამართლოში, სადაც ადვოკატი ტანკერის გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კვლავ გეგმავს ამ საკითხის დაყენებას. პარალელურად, გამოძიების ფარგლებში საუბარია ტანკერის შესაძლო კონფისკაციაზე.