Accentnews.ge
მახაშვილი - პოლონელი დეპუტატების მიერ მიწვევის გაუქმებაზე: "ეს ძირს უთხრის დიალოგის სულისკვეთებას"

მახაშვილი - პოლონელი დეპუტატების მიერ მიწვევის გაუქმებაზე: "ეს ძირს უთხრის დიალოგის სულისკვეთებას"

06/01/2025 14:01:00 პოლიტიკა

"ოცნების" პარლამენტის წარმომადგენელი ლევან მახაშვილი პოლონეთის სეიმის წევრ აგნიეშკა პომასკას და სენატის თავმჯდომარეს ტომაშ გროდსკის COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა გააუქმა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა EU-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC), რომელიც ვარშავაშია დაგეგმილი.

"გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას - ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში და COSAC-ის რეგლამენტის 1-ელ მუხლში. აგრეთვე, თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს.

საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი კი მტკიცედ აგრძელებს ამ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის, მათი გახსნისთანავე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც პლატფორმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე დიალოგის ხელშეწყობისთვის. ეს ფორუმი იქცა კარგ შესაძლებლობად ურთიერთგაგების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და არსებული გამოწვევების განსახილველად საპარლამენტო განზომილებაში. 2014 წლიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს აქვს COSAC-ში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მონაწილეობის ძლიერი გამოცდილება, რაც დადებითად აისახებოდა როგორც ჩვენს რეგიონზე, ისე მთლიანად ევროკავშირზე.

საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რჩება კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ერთგული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე, COSAC კონფერენცია წარმოადგენს დიალოგის და არა დაყოფის ღირებულ შესაძლებლობას.

მეტიც, მე მჯერა მასპინძელი ქვეყნის საპატიო სტატუსის - ხელი შეუწყოს გულწრფელ დისკუსიებს და ღია დიალოგს, წაახალისოს ურთიერთმოსმენა და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების პატივისცემა. ჩვენი, როგორც პარლამენტარების მოვალეობა ხომ დიალოგისა და ურთიერთგაგების ხიდების მშენებლობაა მაშინ, როცა ეს შეიძლება სხვა დონეებზე გამოწვევად ჩანდეს.

ამასთანავე, პოლონეთი ოდესღაც იყო გამორჩეული მხარდამჭერი აღმოსავლეთის პარტნიორობის, რომელიც არის საერთო სარგებლობის ინიციატივა უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ვაჭრობისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. თქვენმა ასეთმა დასანანმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ძირი გამოუთხაროს პოლონეთის გეოპოლიტიკურ ლიდერობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის - პოლონეთის - ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.

ძვირფასო კოლეგებო, დასანანია თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მე ღია ვარ შინაარსიანი დისკუსიებისთვის ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატებში, რათა ვიმსჯელოთ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით და არა უსაფუძვლო ბრალდებებითა და აღქმებით. ასევე, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მომავალში ერთად მუშაობის გაგრძელებას კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ დროს ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის ერთობლივი დადებითი შედეგების მისაღწევად" - ნათქვამია მახაშვილის წერილში.

მოწვევის გაუქმების შესახებ პოლონეთის სეიმის წევრმა აგნიეშკა პომასკამ X-ზე 13 დეკემბერს დაწერა.

"სენატის თავმჯდომარესთან, ტომაშ გროდსკისთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ EU-ს ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ქართველი თავმჯდომარის მოწვევა გაგვეუქმებინა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა EU-სთან მოლაპარაკებების გაწყვეტა გადაწყვიტეს. საქართველოს ქუჩებში ხალხის მიერ დემოკრატიისთვის ბრძოლის ვითარება უარესდება. მათ მხარეს ვდგავართ, ვინც დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს იცავს. ნათელი გზავნილი გვაქვს: ამ ღირებულებების დარღვევას არ ვეთანხმებით. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ საზოგადოებაში ადგილს იმსახურებს". - დაწერა პომასკამ.

პოლონეთის სეიმის წევრმა მის და ტომაშ გროდსკის მიერ ხელმოწერილი სრული განცხადებაც გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S