
დამოუკიდებელი პროფკავშირი: სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ 66 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს
06/01/2025 14:42:56 საზოგადოება
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის ინფორმაციით, ყოველდღიურად იზრდება იმ გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას უწევენ.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს 66 გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს, მათგან 45 საჯარო რეესტრიდანაა გათავისუფლებული. ხოლო დანარჩენი თბილისის მერიიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და შსს-დან გათავისუფლებულები.
პროფესიული კავშირის ცნობით, მათთან განცხადებები შესულია როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან.