06-01-2025 23:13:20 პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს, - ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
„მაშინ როცა, ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“, - წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე ისაუბრა.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ რუსეთის ქცევა რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა, და, ასევე, ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“, – განაცხადა მან.
სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:
„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.