საქართველოში გამოქცეულ დაღესტნელ ქალს ახლობლები სდევნიან

07-01-2025 13:59:35 კავკასია

წნეხის გამო ოჯახიდან გაქცეული დაღესტნელი ზაირა პიროვას ახლობლებმა მისი ადგილსამყოფელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან შეიტყვეს. კრიზისულმა ჯგუფმა SK SOS-მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, გაემჟღავნებინა ეს ინფორმაცია ახლობლებისთვის.

უფლებადამცველების თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ, პიროვამ ვლადიკავკაზის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მაგრამ ახლობლები განაგრძობდნენ მასზე ზეწოლას, დაჟინებით მოითხოვდნენ დაქორწინებას. ის ორჯერ იყო ძებნილთა სიაში, ცდილობდნენ მის სახლში დაბრუნებას.

როდესაც პიროვა პოლიციაში გამოცხადდა, რათა მოეხსნა ძებნილის სტატუსი, მისი ნათესავიც იქ მივიდა - მიუხედავად გოგონას განცხადებებისა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, პოლიციელები არ ჩაერიენ საქმეში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი არ ამოუღიათ ძებნილი სიიდან: პიროვა დააკავეს რუსეთიდან გამგზავრებისას მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში. მას მოუწია განმარტების გაკეთება, რომ სრულწლოვანი იყო და ოჯახი ნებაყოფლობით დატოვა. მას ფრენის უფლება მისცეს, მაგრამ რეისი გამოტოვა და იძულებული გახდა, სხვა ბილეთი ეყიდა.

დეკემბრის ბოლოს გამოცემამ 24news.ge-მ გამოაქვეყნა ჩანაწერი ზაირა პიროვას საქართველოში ძებნის შესახებ - თითქოს მისი ახლობლები თვლიან, რომ გოგონა ცოლად შერთვის მიზნით შეეძლოთ გაეტაცებინათ. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა ახლობლებს აცნობეს, რომ პიროვა საქართველოში შემოვიდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

„SK SOS“-მა გამოაქვეყნა პიროვას ვიდეო გზავნილი, რომელშიც ის ამბობს, რომ ინფორმაცია გატაცების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს, რომ არ სურს სახლში დაბრუნება, რადგან, მისი აზრით, იქ საფრთხე ემუქრება და ითხოვს, არ ეძებონ.

2024 წლის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიაში დანაშაულის მსხვერპლად თითქმის ათი ათასი ქალი იქნა აღიარებული - ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი ბოლო რვა წლის განმავლობაში. უფლებადამცველები საუბრობენ რესპუბლიკებში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ სასამართლო საქმეების მონიტორინგის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები