Accentnews.ge
"გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული; შეწყდეს მოქალაქეების წამება, ჩაგვრა; ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები"- 200-მდე ფსიქოლოგის განცხადება

"გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული; შეწყდეს მოქალაქეების წამება, ჩაგვრა; ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები"- 200-მდე ფსიქოლოგის განცხადება

07/01/2025 17:36:29 საზოგადოება

ფსიქოლოგები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

პეტიციაში, რომელსაც 200-მდე ფსიქოლოგი აწერს ხელს, შემდეგი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული:

  • "პოლიტიკური ნიშნით დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მათზე დაუსაბუთებელი დევნის შეწყვეტა;
  • საქართველოს მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრისა და ნებისმიერი ფორმის ძალადობის შეწყვეტა;
  • ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება;
  • პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების შეწყვეტა".

ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას:

"რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

კრიზისის შედეგები განსაკუთრებით აისახება მოზარდებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე პირებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ასეთ ვითარებაში, მათი მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების როლს და ჩართულობას".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თვალსაჩინოა ფსიქოლოგიური მანიპულირების მექანიზმები, მათ შორის, ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯება, სტატისტიკურ მონაცემთა შეცვლა და სხვა, რაც "მიზნად ისახავს საზოგადოების (გარკვეული) ნაწილის შეცდომაში შეყვანასა და მათ განწყობებზე, ემოციებსა და ქცევაზე მანკიერ ზემოქმედებას".

"ფსიქოლოგიური ტექნიკების მსგავსი არაეთიკური გამოყენება ქმნის შიშის, სიძულვილის, განხეთქილებასა და დისტრესულ გარემოს, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას, ავტონომიას და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას საზოგადოებაში, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით", - წერია განცხადებაში.

უკვე 41 დღეა, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S