08-01-2025 11:24:23 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ შეთქმულების თეორიების განვითარებას აგრძელებს და ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოს ომში ჩართვის სურვილის ქონაში ადანაშაულებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება იმეორებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ამ დრომდე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ შესახებ:
"უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.
[...] ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით - „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს".
ცნობისთვის: რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ბოლო პერიოდში აქტიუროს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირების საკითხზე. „მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც ხელახლა დარეგისტრირდა შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.