08-01-2025 13:51:09 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი "ფაშისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა" და "რეგიონში ფაქტობრივად, საფრთხის წყაროს წარმოადგენს". ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მან 7 იანვარსადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
"სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არსობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, რადგან მას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევრები და ქვეყანაც ასეთად ჩამოაყალიბეს. შესაბამისად, აზერბაიჯანი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობელია და ეს საფრთხე არსად გამქრალა. ამიტომ ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელისუფლება, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ "საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც სომხეთს იარაღს აწვდიან, კონტრაქტები უნდა გააუქმონ, უკვე მიწოდებული იარაღი კი უკან დააბრუნონ".
მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში ჩატარებული „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი თავის შემადგენლობაში დაიბრუნა, სომხეთში არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმას აპირებს.
ბაქო და ერევანი დიდი ხანია, მოლაპარაკებას აწარმოებენ სამშვიდობო შეთანხმებაზე. აზერბაიჯანის მონაცემებით, შეთანხმების 17 პუნქტიდან ორი შეუთანხმებელი ეხება საერთაშორისო სარჩელებზე ორმხრივ უარსა და საზღვარზე მესამე ქვეყნების წარმომადგენლების განთავსების დაუშვებლობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანს თვეზე მეტი ხნის წინ გადასცეს შეთავაზება ორ შეუთანხმებელ საკითხზე, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ფაშინიანის თანახმად, ბაქოს სთავაზობენ, მესამე ქვეყნის ძალების განლაგების დაუშვებლობის პუნქტი გავრცელდეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკირებულ მონაკვეთებზე.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, თუ აზერბაიჯანს არ აქვს სომხეთზე თავდასხმის განზრახვა, რეგიონში ესკალაციის ალბათობა ნულის ტოლია.
7 იანვარს აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ ერევანს სამშვიდობო შეთანხმება არ სჭირდება, ის არც ბაქოსთვისაა საჭირო.