08-01-2025 20:17:59 პოლიტიკა
დღეს აშშ-ის კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგენენ, – იუწყება FOX News. კანონპროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი, სტივ კოენი.
„[ამერიკის შეერთებულმა შტატებმა] ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მოკავშირე (proxies)“, - ნათქვამია, FOX News–ის ცნობით, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტში".
გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, კანონპროექტი „საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად“ აღიარებს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 26 ოქტომბრის არჩევნებს კი „გაყალბებულს“ უწოდებს.
FOX News–ის ინფორმაციით, საკანონმდებლო აქტის კიდევ ერთი პუნქტი უკავშირდება „საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას“, რაც გულისხმობს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ უნდა დაამტკიცონ.
"ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ამჟამად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანათავმჯდომარე კი დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი.
კანონპროექტის დამტკიცებას დასჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ თანამდებობას 20 იანვარს მეორედ დაიკავებს დონალდ ტრამპი.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.