
მედია: აშშ „რამშტაინის“ დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს
09/01/2025 06:36:56 მსოფლიო
აშშ უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, – იუწყება დასავლური მედია.
თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე რიგით 25-ე შეხვედრას დღეს გამართავენ.
„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მონაწილეობას მიიღებს დღევანდელ შეხვედრაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და რუსული ავიაციის თავდასხმების მოგერიების საკითხები, ასევე 2025 წელს კოალიციის მუშაობის გეგმები.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ინიციატივით. ის ასევე დაესწრება ხუთშაბათის შეხვედრას, რათა პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში უკანასკნელად მიიღოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფის მუშაობაში.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე "რამშტაინის ფორმატის" სახელითაა ცნობილი, შეიქმნა 2022 წელს, რათა უკრაინის საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერას გაუწიოს კოორდინაცია შეერთებული შტატების ეგიდით. ინიციატივა აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა უმეტესობა NATO-ს წევრია.