09-01-2025 15:51:55 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადადო. ინფორმაციას ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს და პროკურატურის შუამდგომლობას “დაუსაბუთებელს” უწოდებს.
ამრიგად, გადაიდო წინასასამართლო სხდომა, თუმცა, 10 იანვარს, 10:30 საათზე მოსამართლე განიხილავს მსახიობისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხს.
ოჯახის წევრები საზოგადოებას საქალაქო სასამართლოსთან 10:00 საათზე მისვლას სთხოვენ.
“მნიშვნელოვანია, ბევრი ხალხი იყოს” - წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე.
"მოლოდინი არა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს სინდისის ნატამალი მაინც ექნება... თუ ანდროს შეუფარდებენ პატიმრობას და სხვებს, ვინც უკანონოდ ზის, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ",- ამბობს ლიკა გუნცაძე და მიმართავს საკუთარ შვილსაც:
"ანდრო, მშვიდად იყავი, მე ძალიან მაგრად ვარ, არ გავტყდები... გამოიყენე ეს დრო საშენოდ, ბევრი იფიქრე, იკითხე, წერე... ყველა შენთან ერთად არის, საოცარი მხარდაჭერა გაქვს - მსგავსი რამ არც გამიგია და არც ველოდი. ყველაფერი კარგად იქნება. შენ მანდ არ დაგტოვებ".
ჭიჭინაძის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა. ეს პირები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი.
"დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა." - წერს მიგინეიშვილი.