"რადიო თავისუფლება": 25 ქართველი, რომელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესების თხოვნით რუბიოს კონგრესიდან მიმართეს
09-01-2025 21:35:02
პოლიტიკა
შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მას 25 ქართველი პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
"ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:
„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:
- ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი
- ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა
- უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი
- შმაგი კობახიძე - „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
- ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი,
- კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
- თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
- გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
- ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ
- კახა კალაძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
- ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
- ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
- ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
- ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
- სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი
- ხვიჩა მაქაცარია, „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში: “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
- ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
- ვანო ჩხარტიშვილი, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი
- სულხან პაპაშვილი
- გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს
- ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
- ნოშრევან ნამორაძე, „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი
- ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები:
- მიხეილ ჩინჩალაძე
- ლევან მურუსიძე.
„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, - წერია მიმართვაში.
მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია სწორედ ამ ადამიანების სანქცირება.
ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა", – იუწყება "რადიო თავისუფლება".