10-01-2025 13:42:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან.
კობახიძის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, "პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის".
ირაკლი კობახიძის და ჭოუ ციენის წინა შეხვედრა 2024 წლის 6 დეკემბერს გაიმართა.
ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს შორის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება და, ასევე, მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.