
ონისე ცხადაძე: ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა, ნაკლები გავაკეთო
10/01/2025 13:54:52 საზოგადოება
პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს, 10 იანვარს, განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე.
„იმის მიუხედავად, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის...
ამ [ბრალდებით] რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე...
ნანახი მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერად კვამლს რომ უშვებს, მაგის სროლა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ...
გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატეთ“,- მიმართა მოსამართლეს ონისე ცხადაძემ.
ამასთან, დაკავებულმა სასამართლოს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც "გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" "წილის მფლობელი":
"გლობალური ომის პარტიის" დამფუძნებელი და “დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”.