რევაზ კიკნაძე: საერთოდ ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი!

10-01-2025 18:09:49 საზოგადოება

​​​​​​​პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რევაზ კიკნაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დღეს, 10 იანვარს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე.

კიკნაძემ პროცესზე თქვა, რომ მიმალვის განზრახვა არ აქვს. არც ბრალდების ფორმულირებას ეთანხმება, თვლის, რომ თავად არის დაზარალებული.

"აქციაზე ყოველდღე დავდიოდი, ნიღაბი კი არა, პირბადეც არ მკეთებია. რა მიმალვის საფრთხე, ვის დავემალები, პირიქით, ყველამ გაიგოს.

ჯგუფური ძალადობაო - რას ნიშნავს ან ჯგუფური, ან ძალადობა? არც ერთში მიმიღია მონაწილეობა. 50 დაკავებულიდან არც ერთთან ზარი არ განმიხორციელებია, არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია, არგუმენტის მაგვარიც არაა ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.

საერთოდ არ ვთვლი, რომ გირაო უნდა გადავიხადო, აქეთ ვარ დაზარალებული, მე რატომ უნდა ვიხადო გირაო, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს გადავიხდი. საერთოდ ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯებით სამშობლოს სიყვარულისთვის გულანთებული ამდენი ადამიანი?! 6 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის და ბოთლის, ან დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის? 6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა", - თქვა კიკნაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები