
პროევროპულ აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს დარბაზში შეუძლოდ გახდა
11/01/2025 09:43:54 საზოგადოება
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.
ირაკლი მიმინოშვილმა ჯერ წყალი ითხოვა, შემდეგ კი სხდომის დარბაზიდან გასვლა.
“შესვენება არ გამომიცხადებია"- თქვა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, როდესაც ირაკლი მიმინოშვილმა დარბაზიდან გასვლა ითხოვა, „მანდატური მოუტანს“.
ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. სხდომაზე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
ადვოკატები და დამსწრეები დარბაზის შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა. დამსწრეები უჰაერობაზე ჩივიან.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს. აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. დანარჩენ ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.