
სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა
11/01/2025 09:49:05 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ადვოკატებმა და მათმა მხარდამჭერებმა. დარბაზიდან გაიყვანეს თავად დაკავებულებიც.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ. სასამართლოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ექიმებმა ჯანმრთელობის ცნობაში ჩაწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.
"ჩვენს მიერ პროცესის დატოვების მიზეზი და საფუძველი არის ის, რომ ადვოკატები ვერ ავიტანდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენი იქ ყოფნა იქნებოდა ამ ყველაფერზე თანხმობა", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა სხდომის დატოვების შემდეგ.
"ეს იყო პირდაპირი დაკვეთა, თითქოს ბევრი ადამიანი ხელს შეუშლიდა სასამართლოს მიმდინარეობას. პირიქით, ჩვენ ყველანი ვიყავით მოწოდებული, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო, უბრალოდ ჩვენ სუნთქვის საშუალება გვინდოდა და ვეხვეწებოდით, რომ ამის საშუალება მოეცა. ეს იყო პირდაპირი დავალება მოსამართლეზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი ყოფილიყო დარბაზში. ამით თითქოს აიცილებდა სიტუაციას - პირიქით, მიიღო უფრო დიდი სკანდალი და ის, რომ ბრალდებულებმა და ადვოკატების კორპუსმა დატოვეს დარბაზი. ასეთი უსამართლობა უკვალოდ არ ჩაივლის, დარწმუნებული ვარ მიიღებენ პასუხს" - თქვა ზვიად ცეცხლაძის მამამ - ზურაბ ცეცხლაძემ.
ამ წუთებში სხდომა გრძელდება მხოლოდ მოსამართლის, მდივნებისა და პროკურორების თანდასწრებით.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს. აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. დანარჩენ ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.