საქართველოს ხელისუფლება არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა თბილისი კიბერ–შეტევის გამო რუსეთთან სამართლებრივ დავას

21-02-2020 14:08:49 სამართალი

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო კიბერ–შეტევის გამო რუსეთთან სამართლებრივ დავას.

„ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არა მხოლოდ საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოლოგიები ვითარდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ, მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერ–შეტევა ან თუ მოხდება, სივრცეში ჩაკეტვა მოხდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება", - განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კიბერ–შეტევასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნირების მხარდაჭერით საქართველომ გამოძიება ჩაატარა და ეს პროცესი გრძელდება:

"კიბერ–შეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. კიბერ–სივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი. კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრ საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“.

იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა"

აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები