ჭიჭინაძის დედა: ეს ბიჭები ტყვეები არიან, ფაქტობრივად, რუსეთს ვეომებით!

11-01-2025 13:58:25 საზოგადოება

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. მისი ვაჟი, დანარჩენ 10 პატიმართან ერთად 10 იანვარს დატოვა მოსამართლე ჯაჭვაძემ პატიმრობაში. დღეს სასამართლო კიდევ რვა პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

"ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის სასამართლოს შენობა, ეს არის უბედურება! სრულიად უდანაშაულო ბიჭები... ესენი არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები. თავში რტყმა და თირკმელებში რტყმა, ესეც კი რუსული მეთოდია, თავის ტიტუშკებიანად და ყველაფრიანად... ჩვენ ფაქტობრივად, რუსეთს ვეომებით. რუსი გვმართავს ამათი ხელით, ომის გარეშე დაუთმეს ქვეყანა... ჩვენ არ დავათმობინებთ, არ არსებობს!" - განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს. აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. დანარჩენ ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.

ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები