
ზურაბიშვილი: აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით
12/01/2025 11:16:49 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროტესტის პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება და აუცილებელია მეტი ზეწოლა ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით.
„45-ე დღე - დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან და მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ:
„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებას ტერორად აფასებს:
„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“.