
ბათუმში აქციაზე „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე დააკავეს
12/01/2025 18:15:11 პოლიტიკა
12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეო მასალის გადაღებისას, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
აქციაზე დღეს ბათუმში მინიმუმ 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.
მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
"ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) გათვალისწინებული ბრალდებით, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.