
„პოლიტპატიმრობის შესახებ ბოკერიას სტანდარტი უცნაური, სასაცილო და სპეკულაციურია“
21/02/2020 11:23:06 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცახადებით, პოლიტპატიმრობის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატ გიგა ბოკერიას „სტანდარტი უცნაური, სასაცილო და სპეკულაციურია“.
„გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო იყო გიგა ბოკერიას მიდგომა პოლიტმატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. პოლიტპატიმრობის მათი ფორმულა არის შემდეგი: თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა და ა.შ. - ყველა შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიას სტანდარტი არ გავა არც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში და არც ქვეყნის გარეთ, უცხოელებში. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შს ექს-მინისტრ მერაბიშვილზე და მის შესახებ ყოფილი თანაგუმდელების განცხადებებზე საუბრისას.
ამასთან, იგი გამოეხმაურა პატიმრობიდან გათავისუფლებული მერაბიშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებსაც და აღნიშნა, რომ "ხელისუფლების დამხობის შესახებ მერაბიშვილის განცხადება აღიარებების სერიის გაგრძელებაა“.
„რაც შეეხება მის გზავნილებს, ეს ახალი ამბავი არ არის. მიხეილ სააკაშვილმა ხომ აღიარა, შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხელისუფლება იმხობოდაო. მერე მელიამ აღიარა, ცოტა დაგვაკლდა და შევდიოდითო. მერაბიშვილის განცხადებებიც არის ამ აღიარებების სერიის გაგრძელება. ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისინი საუბრობენ დამხობაზე, მათთვის საბჭოთა ჰიმნი პარლამენტში პრობლემა არ არის, ბოლოს შეიძლება, თქვან, რომ 2008 წელიც გარკვეული ხუმრობა იყო რუსეთის მხრიდან. ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები - გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.