
ბუღაძე: "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელისგან მივიღეთ პასუხი, არ უშლიან თანამშრომლებს გამოხატვის თავისუფლებას, ე.ი. არც 15-ში შეუშლიან
13/01/2025 10:18:47 საზოგადოება
"საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელობასთან აქტიური მოქალაქეების შეხვედრა დასრულდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი იყო 15 იანვრისთვის დაანონსებული გამაფრთხილებელი საყოველთაო გაფიცვის თაობაზე ბანკის მენეჯმენტისგან პირობის მიღება, რომ არ შეუშლიან ხელს გაფიცვაში იმ თანამშრომლებს, რომელთაც პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის სურვილი აქვთ. გაფიცვა ნაწილია იმ აქციებისა, რომელიც ქვეყანაში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება და რომლის მოთხოვნაცაა, გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები.
ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ესწრებოდა, მათ შორის, დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე.
"შევხვდით "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელობას, უშუალოდ მის ხელმძღვანელს - არჩილ გაჩეჩილაძეს და მივიღეთ პასუხი, ისინი არასდროს არ უშლიდნენ თანამშრომლებს გამოხატვის თავისუფლებას და არც შეუშლიან მომავალში, ესე იგი, არც 15-ში შეუშლიან და ამის დადასტურებას ველით",- თქვა მწერალმა ლაშა ბუღაძემ შეხვედრის შემდეგ.
დღეს შეხვედრა ასევე გაიმართება "თიბისი" ბანკის ხელმძღვანელობასთან.