Accentnews.ge
სტივ კოენი: აშშ-სთვის ძალიან რთულია გაყალბებულ არჩევნებზე დაფუძნებული მთავრობის აღიარება

სტივ კოენი: აშშ-სთვის ძალიან რთულია გაყალბებულ არჩევნებზე დაფუძნებული მთავრობის აღიარება

13/01/2025 10:41:18 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის თანათავმჯდომარემ და "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის თანაავტორმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და კონგრესში წარდგენილ ორ კანონპროექტზე "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კონგრესმენმა ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილს "ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს" და "მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია".

"“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.

მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა". - თქვა კოენმა.

მან ისაუბრა საქართვცელოსთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტებზე:

"გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ - ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.

[...] მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით.

გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა". - თქვა კოენმა.

ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე კოენმა თქვა, რომ ის მთელ მთავრობაში არაფორმალურად ყველაზე გავლენიანი პირია და ყველაფერს აკონტროლებს, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სანქციებიც ოფიციალური პირების მიმართაც იქნება.

"ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ, მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა", - თქვა კოენმა.

კითხვას, თუ რა შრეს ამატებს არაღიარების შესახებ კანონპროექტი "მეგობარი აქტს" და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, კოენმა უპასუხა:

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ - რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს".

კოენი ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი მოცემულობით არაღიარებასა და მმართველი პარტიის კრიტიკას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს:

"ახლა ნამდვილად ასეა. [არაღიარების აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს] ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე [რესპუბლიკელი] უილსონისა და სხვა რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერები არიან".

კოენმა ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ თუ მმართველი პარტია ოფიციალური შედეგებით და ახლანდელი მოცემულობით განაგრძობს მუშაობას, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში არ გაწევრიანდება, არამედ რუსეთს დაუახლოვდება, ქართველების უფლებები "გადაითელება", ივანიშვილი კი საკუთარ ძალაუფლებას გაზრდის:

"ვფიქრობ, ეს ქართველებს ნაკლებ თავისუფლებას ჰპირდება და მეტ ურთიერთობას რუსეთთან. [ისინი] არ იქნებიან ნატოს წევრები, არ იქნებიან ევროკავშირის წევრები, როგორც ეს სურდათ. ეს არ მოხდება და [ამის ნაცვლად] მათ დააახლოვებენ “ბოროტების ღერძს”, კონკრეტულად კი რუსეთს. მათი უფლებები გადაითელება. ივანიშვილი კი უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოიხვეჭს, ასევე, მისი მეგობრებიც. ქართველი ხალხი კი დამარცხებული დარჩება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S