
ადვოკატის განცხადებით, მსახიობ გიორგი ჩაჩანიძეზე დაკავებისას იძალადეს
13/01/2025 11:09:45 საზოგადოება
რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თუმანიშვილის თეატრის დაკავებულ მსახიობს გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ვერიკო გაგუამ დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება. არსებობს კადრებიც, რომ ის გოგოს გამოესარჩლა, რომელსაც ათეულობით პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა. ამ უკანონო ქმედებაში ჩარევისას მოხდა გიორგის დაკავება. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ნაკაწრები აქვს ხელებზე, ყელის მიდამოშიც, ასევე თავის ტკივილიც, ყურები დაგუბებული აქვს. გუშინ სამედიცინო დახმარება გაეწია, დღეს დილითაც მივმართე საპატრულოს თანამშრომელს, რომ იქნებ ხელახლა მოახდინონ მისი დახმარება",- განაცხადა გაგუამ.
რესტორანთან, სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავდნენ, ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს.