14-01-2025 13:02:00 პოლიტიკა ,სამართალი
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.
"დღეს დაიჭირეს მზია, ხვალ დაგვიჭერენ ჩვენ",- თქვა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
"ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესი. უნდა გავიაზროთ ყველამ - დღეს მზია ამაღლობელი იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ მზია ამაღლობელია - არანაირი დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი! ბიძინა ივანიშვილი ებრძვის თავისუფალ მედიას, თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ მოქალაქეს",- თქვა ზვიად ქორიძემ.
პროცესი სასამართლოში 11:00 საათიდან მიმდინარეობდა.
"არ გავურბივარ პასუხისმგებლობას",- თქვა პროცესზე ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.