
მოსკოვი "ოცნების" ლეგიტიმაციის მიზნით ზურაბიშვილის დემონიზებას განაგრძობს
14/01/2025 11:49:16 პოლიტიკა
მოსკოვი "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების საინფორმაციო მხარდაჭერასა და ივანიშვილის გუნდის ოპონენტების დემონიზების სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მცდელობებს არ ეშვება, განსაკუთრებულ სამიზნედ კი მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰყავს არჩეული.
საქართველოში არსებულ ვითარებას რუსეთიდან ამჯერად საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა კონტექსტში, რომელიც არა საქართველოს, არამედ ვენესუელას ეხებოდა. მან ზურაბიშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამ ფეიქის საფუძველზე მოუწოდა ვენესუელელ ოპოზიციონერებს, "ზურაბიშვილს მიბაძონ".
კერძოდ, ლავროვის მტკიცებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც ჰპირდებოდა მხარდამჭერებს, რომ საქართველოში დარჩებოდა, "ხალხი უბრალოდ მოატყუა, დასცინა, ამ დაპირების შემდეგ მეორე დილითვე წავიდა და რაღაც გაურკვეველ პოლიტოლოგიურ ტრესტში დასაქმდა" (ასეთად მოიხსენია რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მაკკეინის ინსტიტუტი, რომლის სტიპენდიანტიც გახდა ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოდან არ წასულა და არც აპირებს წასვლას).
ცნობისთვის: 10 იანვარს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა. თუმცა ცივილიზებული სამყარო მორიგ გაყალბებულ არჩევნებში მის გამარჯვებას არ აღიარებს და გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.
"იქნებ ე.წ. პრეზიდენტმა გონსალესმა, ისევე, როგორც თავის დროზე ე.წ. პრეზიდენტმა გუაიდომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიბაძონ, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორიოდ დღით ადრეც კი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ "საქართველოში ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროს წარმოადგენდა" და რომ "არსად წავიდოდა", დარჩებოდა და სასახლიდან ბრძანებების გაცემას გააგრძელებდა, დილით კი წავიდა და დასაქმდა რაღაც გაურკვეველ პოლიტოლოგიურ ტრესტში... ძნელია ამ თემის კომენტირება: თავიდან ბოლომდე სიყალბე, დიქტატი, ადამიანებისადმი უპატივცემულობა და რაღა თქმა უნდა, საკუთარი როგორც ინტელექტუალური, ისე სხვა შესაძლებლობების კოლოსალური გაზვიადება" - განაცხადა ლავროვმა, რომლის მტკიცებით, ეუთო-ს დამკვირვებლებმა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას "მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ აღმოაჩინეს და შედეგების არაღიარება, მით უფრო ჩარევაში რუსეთის დადანაშაულება სხვა არაფერია, თუ არა ქართველი ხალხის დაცინვა მათი მხრიდან, ვისაც 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმური შედეგები არ მოსწონს და არ აწყობს" .