
ევროკომისარი: დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იანვრის ბოლოსთვის უყრიან კენჭს
14/01/2025 12:05:46 პოლიტიკა
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს ევროკომისიის ინიციატივას დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.
„ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან“, – განაცხადა მან.
- 16 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
- ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს
როგორც 16 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.
„ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ", – განაცხადა კალასმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.
„მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება სანქციებს, კალასის თქმით, საქნციებთან დაკავშირებით ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო, რაც დღეს ვერ იქნა მიღწეული.
"როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, - განაცხადა კაია კალასმა.
17 დეკემბერს "ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "პატარა დისკომფორტ" უწოდა იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს შესაძლოა, ევროკავშირში წასასვლელად სავიზო განაცხადის შეტანა მოუწიოთ:
"შეიძლება დიპლომატიური პასპორტი ჰქონდეს, შეიძლება ჩვეულებრივი და ორივე შემთხვევაში მოუწიოს სავიზო განაცხადი შეიტანოს ვიზაზე. ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს".
მანამდე, მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას "ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი" უწოდა:
„მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა".