
ევროპარლამენტარი: "როცა აშშ ოლიგარქ ივანიშვილს სანქციებს უწესებს, ევროკავშირის საბჭო მხოლოდ გეგმებს ამზადებს დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია"
14/01/2025 12:16:21 პოლიტიკა
"მაშინ, როცა შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილს სანქციებს უწესებს, საბჭო მხოლოდ გეგმებს ამზადებს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია", - განაცხადა ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს უსმენენ.
როგორც ვან ლანშოტი ამბობს, ქართველი ხალხი ითხოვს მხარდაჭერას და ევროკავშირმა ეს მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.
"თვეზე მეტია ქართველი ხალხი უპრეცედენტო რაოდენობით არის მობილიზებული, რათა რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატოს, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთს გულში იკრავს, რადგან საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ყოფნის დროს. ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როცა შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილს სანქციებს უწესებს, ევროკავშირის საბჭო მხოლოდ გეგმებს ამზადებს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.