
ჯაფარიძე: "ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში"
14/01/2025 16:55:36 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში “ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ წილოსანი დააკავეს.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებულების სასამართლო ხვალ გაიმართება.
"მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში. ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)", - წერს ჯაფარიძე.
"ქართული ოცნების" პრეს–სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ "ინფორმაცია არ აქვთ".
"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის, - მათთან ერთად მყოფი მოქალაქე გიორგი გოგოლაძისა და, ასევე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის დაკავების შესახებ.
"ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“, - განუცხადა ელჩმა "რადიო თავისუფლებას".
ცნობისთვის: 13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმროში, საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. „საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.
გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.