რუსეთის დადასტურებული კიბერ-დანაშაული: რას მოიმოქმედებს და რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს თბილისს

21-02-2020 18:38:23 კომენტარი

მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს კვალი გამოაშკარავდა, აქტის კონკრეტულ მიზნებთან ერთად (გასაგებია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს პოზიტიური ზრახვები არ ექნებოდა), აქტუალური საკითხებია შეკავება (მით უფრო, რომ მსგავსი თავდასხმის გამოცდილება საქართველოს 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დროიდან აქვს) და სამართლებრივი გზები. კერძოდ ის, გეგმავს თუ არა ოფიციალური თბილისი, სამართლებრივი მიმართულება მისცეს პარტნიორების ჩართულობით წარმოებული გამოძიებით პირველად დადასტურებულ ფაქტს და მასში რუსეთის როლს. მით უფრო, რომ ეს ქმედება ოფიციალურმა თბილისმა უკვე შეაფასა ქვეყნია სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის მცდელობად და თუ მყისიერი საერთაშორისო გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა არ მოაკლდება (აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ და გამოთქვამენ მზაობას, დაეხმარონ ქვეყანას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და მავნე კიბერ-აქტორებთან ბრძოლაში). თუმცა თუ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და შს მინისტრის (რომელიც იმავდროულად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეცაა) კომენტარებით ვიმსჯელებთ, სამართლებრივი დავის მიმართულებით ოფიციალური თბილისის პოზიცია ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

„აქცენტმა“ შესაბამისი კითხვით იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში ქვეყნის პოზიციებს იცავს, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ხოლო სანამ ოფიციალური თბილისი პოზიციას აყალიბებს, „აქცენტი“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი გზები არსებობს მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულად რომელ სასამართლოშია დავის წარმოება შესაძლებელი და აქვს თუ არა მას პერსპექტივა.

ლევან მესხორაძე, რომელიც 2008-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი იყო, „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ კონკრეტული დავისთვის რელევანტური გაერო–ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოა:

„ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაერო–ს წესდებით არის დაცული. გაერო–ს წესდების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის ერთიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აქტების განხორციელებას, შექმნილია გაერო–ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, ე.წ. ჰააგის სასამართლო [ეს არ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის პროკურორიც იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს]. რელევანტური იმისთვის, რომ ეს დავა აღმოჩნდეს საერთაშორისო სასამართლოში, სწორედ ეს სასამართლოა“.

თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, საქმე არცთუ მარტივადაა. კერძოდ, იმისთვის, რომ იგი გაერო–ს მართლმსაჯულების სასამართლოში აღმოჩნდეს, მოდავე მხარეების თანხმობაა საჭირო. ანუ, მხარეები თანხმდებიან, რომ საკითხზე დავას სასამართლოში განაგრძობენ.

მესხორაძის განმარტებით, არსებობს გამონაკლისიც, რასაც სამართლებრივად გაერო–ს მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციის სავალდებულოდ აღიარება ჰქვია. ესაა ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც, პირობითად რომ ვთქვათ, საქართველო აღიარებს სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციას, რაც სხვა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს თანხმობის გარეშე მიმართოს გაერო–ს სასამართლოს და წამოიწყოს დავა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით პრობლემას: ხსენებულ იურისდიქციას საქართველო აღიარებს, რუსეთი – არა.

თუმცა, თუ მესხორაძეს დავეყრდნობით, არსებობს შემოვლითი გზაც:

„გაერო–ს გენერალურ ასამბლეას აქვს შესაძლებლობა, ხმათა უმრავლესობით მიმართოს გაერო–ს მართლმსაჯულების სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა. ეს გულისხმობს კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე ახსნა–განმარტებებს. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, კიბერ–შეტევა გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა, არ უტოლდებოდეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას. თუ ამ მსჯელობას გენასაბლეა წამოჰყვება და მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართავს კითხვით, „არის თუ არა კიბერშეტევა გაერო–ს წესდების და ქარტიის დარღვევა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება?“, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს საკონსულტაციო დასკვნას. ხოლო თუ საკონსულტაციო დასკვნა დადებით პასუხს გასცემს დასმულ კითხვას, გამოვა, რომ ჰააგის სასამართლო ირიბად იტყვის, „რუსეთმა დაარვია საქართველოს მიმართ მისი საერთაშორისო ვალდებულებებიო“, მით უფრო, რომ კიბერშეტევის ფაქტი დადგენილია“.

მისივე განმარტებით, ეს გზა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს არ ითვალისწინებს, თუმცა არსებობს პოლიტიკური განზომილება. კერძოდ, საერთაშორისო სასამართლოებს აქვთ პოლიტიკური დატვირთვაც და საქართველოს გაუჩნდება კიდევ ერთი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთი აგრესორია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ახალი ამბები