
აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
14/01/2025 19:01:04 მსოფლიო
აშშ-მა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.
ქარტიას ხელი ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოაწერეს.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, კომისია მათ აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.
„ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, -განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო ხანს თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების ფონზე მათთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა წლების წინ დაამყარა.
აშშ–მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა 2024 წლის 30 ნოემბერს – მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.